დღეს, ჩვენთვის ისტორიული დღეა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში, ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია, ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
„ასამბლეა შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ეს სესია საქართველოსთვის არის ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების ლოგიკური გაგრძელება. ამიტომ მჯერა, აღნიშნული სესიის საქართველოში ჩატარება ჩვენს საუკუნოვან თანამშრომლობას დადებით მუხტს შესძენს და ახალგაზრდებში ფრანგულ ენას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. საქართველოს პარლამენტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ, გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.
თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შესაძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო კარგად აცნობიერებს მის როლს და მნიშვნელობას რეგიონში. მისივე თქმით, ფრანკოფონიის სამყაროსთან საქართველოს კავშირების განმტკიცება სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის, ევროკავშირის და ნატო-ს მტკიცე პარტნიორის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის როლს და მნიშვნელობას. ფრანკოფონიის სამყაროსთან ჩვენი კავშირების განმტკიცება ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. უსაფრთხოების გარდა, თანამედროვე მსოფლიო ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, სხვადასხვა ტიპის უთანასწორობა და მრავალი სხვა. ეს ისეთი გამოწვევებია, რომლებთან გასამკლავებლადაც ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ამ მხრივ უნიკალური და ეფექტიანი ორგანიზაციაა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს პარლამენტი მზად არის გააგრძელოს მუშაობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასა და მის წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მოწადინებულები ვართ, გავაღრმაოთ საპარლამენტო თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ხალხთაშორისი კავშირები როგორც კულტურის, ისე განათლების, სპორტის, ეკონომიკის მიმართულებებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ პლენარულ სესიაზე ოფიციალურად გავხდებით ასამბლეის ასოცირებული წევრები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.