საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანიებთან უმოკლეს პერიოდში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპის ხელშეკრულებები გაფორმდება. 27 პროექტიდან 10 მზის, 2 ქარის, ხოლო 15 ჰიდროელექტროსადგურია. განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი.