ჰაკერული შეტევა “გურია NEWS'' -ზე. მედიასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ,,21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს "გურია ნიუსის" ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. ჰაკერშეტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ვცდილობდით საკუთარი ძალებით, რაც ჩვენს შეზღუდულ ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობას შეეფერება, გავმკლავებოდით; მაგრამ “გურია ნიუსის“ ინტერნეტრესურსის განადგურების სურვილი, ძალისხმევა იმდენად დიდი იყო, რომ დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა. “გურია ნიუსი“ მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების სამსახურს ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამოიძიონ მომხდარი დანაშაული.