პუნქტები, რომლებიც არ უკავშირდება კანონების მიღებას, იგივე დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება - ირაკლი კობახიძე

22 ივნისი 2023, 12:58 561 ნახვა

იმედი გვაქვს, დღეს ჩვენი მიღწევები სათანადოდ იქნება შეფასებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და დღეს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რომლებიც არ უკავშირდება კანონების მიღებას, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული პუნქტების შესრულება. იგივე დეპოლარიზაცია მსოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი შეფასებები. მაგრამ რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, იქ ყველა პუნქტი იქნა პირნათლად შესრულებული. თუ სადმე იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, აქაც, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ჩვენ  ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ საუბარი, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, ჩინეთი ინდოეთი, და უამრავი ქვეყანა.

„რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0,3 პროცენტი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს სინამდვილეს აცდენილია. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციების რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში