ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ზომების მიღებას მანამდე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაზე, ასევე, სანქციებს ახალი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
სანქციები შეეხო 70 ფიზიკურ და 30 იურიდიულ პირს.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას „დრუჟბას“ ნავთობსადენის სამხრეთის მიმართულებით.
„დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლასა და ინდივიდუალურ ჩამონათვალს“, – წერია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის „ტვიტერის“ გვერდზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ მიესალმება სანქციების მე-11 პაკეტზე პოლიტიკურ შეთანხმებას.
„ეს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინს ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვებით, რომელიც მიზნად ისახავს კრემლის მხარდამჭერ სუბიექტებს. ჩვენი გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი ხელს შეუშლის რუსეთს სანქცირებული საქონლის ხელში ჩაგდებაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.