მიმაჩნია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ მშვიდად, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - პრემიერი

21 ივნისი 2023, 12:04 656 ნახვა

რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ მიშელთან, მის კაბინეტთან. ასევე, შევხვდი კომისარ ვარჰეის და მქონდა ვრცელი საუბარი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას იმსახურებს.

"ვიზიტებისას დეტალურად ავუხსენი მეგობრებს, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სრული რაპორტი არის მიწოდებული ევროკომისიისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ მშვიდად გადაწყვეტილებას. მათ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, იმ სიტუაციაში, რაშიც ჩვენ, ყველანი ვიმყოფებით, მსოფლიო, ზოგადად ევროპაში რაც ხდება, უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან სრულად შეცვალა წესრიგი. მე მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენს ინტერესებში.  ასევე, მკაფიოდ ვუთხარი ჩვენ მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი. ეს არის ერთ-ერთი სპეკულაციის საგანი და წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, ეს გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. დაველოდოთ რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო, მაგრამ ალბათ ინფორმაცია გახდება მაინც ხელმისაწვდომი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ბრიუსელში ვიზიტებისას პარტნიორებს გააცნო საქართველოს პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ.

პრემიერის განცხადებით, თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიაპლურალიზმის საკითხს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ მედია გარემოზე.

"2012 წლამდე, პრაქტიკულად არ არსებობდა არც ერთი ნორმალური, ძლიერი დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი. დღეს უამრავი ტელევიზიაა. გვარამიასთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი მაქვს: მისი საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების პასუხი იყო და შესაბამისად მე პასუხი არ მაქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, არაეთიკურია კითხვა, იყო თუ არა ნიკა გვარამიას საკითხზე საუბარი ევროპელ მეგობრებთან.

„არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და ბევრ ადამიანთან. კითხვას რომ მისვამთ, იყო თუ არა საუბარი, მგონი არაეთიკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერი საკითხი გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით – ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად მე პასუხი არ მაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი