თსუ-ში არიან პროფესორები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ დროს პოლიტიკური ნიშნით გამწესდნენ პოზიციებზე - კობახიძე

19 ივნისი 2023, 12:33 623 ნახვა

თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები, რომლებიც პოზიციებზე გამწესებული არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. 

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა 2012 წლიდან. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ასე შემდეგ, რომლებიც არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამწესებული საკუთარ პოზიციებზე. თსუ-ში მაგალითად არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს, რომელიც თავად მან არ იცის. რატომ, რადგან თავის დროზე არის „ნაცმოძრაობის“ კვოტით დანიშნული.

 

მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“, თავისი „გირჩელებით“ და ასე შემდეგ, ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, დიმა ჩიქოვანი რასაც აფინანსებს და როგორც აფინანსებს. ის არის შავი ფულის ერთ-ერთი მთავარი განმკარგავი. ეს შავი ფული თავის დროზე წაღებული აქვს კეზერაშვილს  ქართული ჯარის, ბიზნესის რეკეტის ხარჯზე და ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს.

მისვე თქმით, არასწორ საქმეშია ჩართული ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თსუ-ში კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს.

„ახალგაზრდებს უწოდებენ, სინამდვილეში, თსუ-ში მოსული იყო 36 წლის ლგბტ აქტივისტი. ნებისმიერი ასეთი ადამიანი, რომელიც თსუ-ში მოდის და კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს, უბრალოდ, არასწორ საქმეში არის ჩართული. იმედი მაქვს, ეს ადამიანები გამოსწორდებიან და სწორ გზას დაადგებიან. ეს არის ჩემი სურვილი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მმართველ გუნდს მყარი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„თვითონ პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, იგივე გახარია, ვაშაძე, „გირჩი“ და ასე შემდეგ – ყველა ეს პარტია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და მათ აქვთ საერთო მომავალი. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. დანარჩენი არის უკვე მათემატიკის ამბავი, ამ მათემატიკით არაფერი შეიცვლება. ჩვენ დღეისათვის გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებაში, ჩვენთვის მთავარია, ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, რისი ყველანაირი რესურსიც არსებობს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი