თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2023, 13:18 613 ნახვა

ივნისის ბოლომდე ყველა ის რეკომენდაცია შესრულდება, რაზეც „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. რასაც სჭირდება ორმხრივი პასუხისმგებლობის აღება - „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ, იქ სხვაგვარია ვითარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სადაც ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით შეიძლებოდა 12 პუნქტის შესრულება, ბოლომდე შევასრულეთ ეს პუნქტები. სადაც იყო მრავალმხრივი ან ორმხრივი მოქმედება საჭირო, იქ უფრო რთულად არის საქმე“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს. იმავეს გავიმეორებ - რა თქმა უნდა, შანსები არის 50/50-ზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა რისკები ისევ მაღალია. 27 ქვეყნიდან საკმარისია ერთს ათქმევინო უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და უკვე ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. აქედან გამომდინარე, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში. შესაბამისად, რისკები არის მაღალი. თუმცა, ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას იმას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით - ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოება. ამ შემთხვევაში, გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენგტარი გააკეთა გუშინ პარლამენტში მომხდარ ინცინდენტზეც და განაცხადა, რომ პარლამენტში გუშინ მოწყობილი პროვოკაცია კოორდინირებული იყო კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ.

მისივე თქმით, ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით და უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება: ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში.

„კატეგორიულად მიუღებელია ის პროვოკაცია, რომელიც ვიხილეთ გუშინ, როდესაც შშმ ბავშვებს იყენებ კოორდინირებული პოლიტიკური პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი. გუშინვე ვთქვით, რომ, როგორც თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ. ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით და უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება: ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს. ეს პროვოკაცია დაიგეგმა რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძალიან ბინძური პროვოკაცია.

 

ამაში პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია „ფორმულაც“. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე. ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ თავის დროზე იგივე ჯგუფმა მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ. მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები, რასაც ერთ-ერთმა კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება, ანუ პირდაპირ წაახალისა ბილწსიტყვაობა, ზიზღის ენა და პოლარიზაცია. როგორც ჩანს, ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები. მიუღებელია, როდესაც დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას. მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება“, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის სასესიო დარბაზში 14 ივნისს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში