პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

13 ივნისი 2023, 21:14 425 ნახვა

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.ცვლილებებს დღღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 83-მა წევრმა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა,წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ორმა წევრმა.

კენჭისყრამდე საკითხზე მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას, თუმცა ევროპული კომისიის გადაწყვეტილებით პარლამენტს განესაზღვრა ამ პუნქტის შესრულება. ოხანაშვილის განმარტებით, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, ეს პროექტი კანონად დაამტკიცონ, თუმცა არ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას. ვენეციის კომისიმ დაამტკიცა განახლებული დასკვნა და აღნიშნავს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შეტანილი წარმოდგენილ პროექტში, უმეტესწილად, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით არის ასახული. უბრალოდ, ვენეციის კომისიას პერსონალურ მიდგომასთან დაკავშირებით ჰქონდა მოსაზრებები, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა და ჩვენ დავაკონკრეტეთ, ახლა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას. თუმცა, ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაზე. იცით, რომ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებით ჩვენ განგვესაზღვრა ეს პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ რომ არ დარჩეს სასპეკულაციო სივრცე, მიზანშეწონილია, ეს პროექტი კანონად მივიღოთ. ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ეს პუნქტი შესასრულებელია. ევროპულმა კომისიამ უკრაინას, რომელ მოდელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, მოუწოდა, დაეწყო იმპლემენტაცია, ანუ მიღებული კანონის აღსრულება და ახლა ვენეციის კომისია, ანუ ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტული დანაყოფი ამბობს, უკრაინასაც ეუბნებიან, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა, აღსრულება დაწყებულიყო, გააუქმონ. რეალურად გვაქვს მოცემულობა ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორება გავაკეთოთ ევროპულ კომისიაზე, კანონი მივიღოთ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს, თუმცა არ ავამოქმედოთ გამოქვეყნებისთანავე. თუ ევროპული კომისია იტყვის, რომ ეს პუნქტი ჩვენთან მოხსნილია, მაშინ ის დათქმა, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდეს, ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ გავაუქმოთ ეს კანონი. ასახულია ის ცვლილებები, რაც კომიტეტზე იქნა დარიგებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში