საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა - რატი ბრეგაძე

08 ივნისი 2023, 16:23 691 ნახვა

„საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა"- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს.

"გამორიცხულია, საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, ბევრჯერ გამოჩნდა, რომ საქართველო არა თუ ვინმეს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არამედ ეხმარება აღსრულებაში. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს დახვდა და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთმა გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო.

მისივე თქმით, ამაში ქართული მხარე ცუდს ვერ ხედავს, რადგან ფრენების აღდგენით საქართველოს მოქალაქე დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, დროს.

„ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციამ და თუ საუბარია რაიმე მოტივზე, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ. საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლა როცა გაუმარტივდება, ის დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, დროს. ამაში ჩვენ ცუდს ვერ ვხედავთ. სხვა რაიმე სახის კონტექსტი, ჩვენი მხრიდან, არ არსებობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ  საქართველოში იყვნენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები.

"ნამდვილად არ არის საინტერესო ოპონირება ისეთ ხალხთან, ვისაც ვერც არგუმენტი მოჰყავს, დასაბუთებებშიც უჭირთ, მათი პოლიტიკური აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ მცირე ზომის აქციებით და დიდი რუპორებით"- განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სააკაშვილის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით.

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის აღდგენა  სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური პრეროგატივაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი