აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის დირექტორს ჰაიდი ვებს და ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორ რალფ ქიუთის შეხვდა.
,,მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი მსოფლიოს საკრუიზო დედაქალაქად წოდებული მაიამის პორტის მუშაობას და მიმდინარე ოპერაციებს.
გვაქვს არაერთი საინტერესო წინადადება ამ მიმართულებით, რომელიც ბათუმს კიდევ უფრო დაეხმარება მდგრადი ტურიზმის მშენებლობაში.
იგეგმება მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც კიდევ უფრო მდგრადს გახდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ იმპულსს შესძენს ბიზნეს-ურთიერთობებს”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის დელეგაცია ადგილზე გაეცნო პორტის და აეროპორტის მუშაობას, სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მსოფლიო საკრუიზო დედაქალაქად წოდებულ მაიამის პორტს, ყველაზე დიდი საკრუიზო გემების პორტი აქვს. მნიშვნელოვანია მაიამის აეროპორტის გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება, რომელიც ამერიკის ყველაზე დატვირთულ ლოკაციად ითვლება საერთაშორისო მგზავრების და საერთაშორისო ფრენების კუთხით.