თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში გადავარდა და 3 ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

07 ივნისი 2023, 20:56 679 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ქ. თბილისში, კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, რომელიც მართავდა დასაშვებ ნორმაზე მეტი მასის ტვირთით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრავი ხუთ ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღეს.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი