ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში - პრემიერი

06 ივნისი 2023, 13:09 601 ნახვა

ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში და არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე გავაკეთო კომენტარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, „ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი მარგინალიზებული ძალები“.

„არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას. შეხედეთ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ რაიმე შინაარსობრივ თემაზე რომ ესაუბროთ, რაიმე თემაზე რომ ესაუბროთ, არაფერზე. ე.ი. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე. ეს არის სახე მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან პოლიციელების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზაცია სრულიად ამორალური, დეგრადირებულია და ყველაფერს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ აკეთებს.

"ჩემი აზრით, ეს არის სამაგალითოდ ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა, ნეოფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალურმა, დეგრადირებულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „გირჩი“, თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გააკეთა. გახსოვთ, მათი მოგონილი იყო, ასე ვთქვათ, ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, გასაბერი ეკლესიები მოიგონეს, შემდეგ თქვეს, თურმე ფარისევლურ მღვდელთმსახურებას ეწეოდნენ. არ მინდა, ამას გავყვე, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. 10 000 ახალგაზრდა შეაცდინეს, რათა არ წასულიყვნენ ჯარში. ამის შემდეგ, ეს ადამიანი ბოლო პერიოდში ტრენინგებს უტარებდა, სთავაზობდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას ავალებდა. ერთპროცენტიანი, ორპროცენტიანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა სრული კრახით დასრულდება. მინდა, ეს ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი და ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა. ჩვენი პოლიცია, ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურები, ყველა, ვინც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს და ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ამის თქმას არ მოვერიდები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, გაკოტრებულ ოპოზიციას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შევქმენით.

„შეგახსენებთ, ამ დესტრუქციულ, გაკოტრებულ ოპოზიციას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით, არავითარი. რჩება ერთადერთი, ეს არის პოლარიზაციის დასრულება, რომელზეც მე მაქვს ჩემი პოზიცია და რომელიც მე საჯაროდ ვთქვი, მათ შორის ამ საერთაშორისო პლატფორმებზე. ვთქვი, რომ თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან სულ მცირე მისი განახევრება და მინიმუმზე დაყვანა, შემცირება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში