მინდა, გირჩიოთ, პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, პირველ რიგში ქვეყანაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ამორალური, ბინძური დავალებები, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც პრემიერს კითხვით მიმართა, რომ ის ოლაფ შოლცმა ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა.
ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული კითხვის დამკვეთები უსუსურ მდგომარეობაში არიან.
"არ მინდა ამაზე გიპასუხოთ. მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია, ანტიეროვნული თქვენი ქმედება, მაგრამ მესმის, რომ დავალებაა. დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. მინდა, ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ თურმე ჩვენი და თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. ეს მინდა, გითხრათ. მინდა, გირჩიოთ, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია - დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების თაღლითური სქემების მეშვეობით.
"ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა ვიღაცებისთვის გადაბრალების უსუსური მცდელობებისა. BBC-ის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალსაიმედო ორგანიზაციაა, გამოძიებით და არა მხოლოდ, მათ შორის, გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ათასობით პენსიონერია გაძარცვული კეზერაშვილის მიერ - „ფორმულა“ და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა და გაძარცვა მან და სააკაშვილმა, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის საკითხზე.
„გამომიჭირეთ, როგორი კითხვა დამისვით. გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელზეც თავისი აზრი და შეფასება, გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ექვსი მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, თუმცა კეზერაშვილისგან განსხვავებით აქ პატარა მასშტაბია შედარებით. ექვსი მილიონი, თუ არ ვცდები, ეს, რაც ვიცი ტელევიზიით“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტის შანტაჟი მიმდინარეობს თუ არა, რომ არ შეიწყალოს ნიკა გვარამია, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე ამ საქმეზე ვერ გავაკეთებ, არ გავაკეთებ კომენტარს.“