საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 

30 მაისი 2023, 14:50 697 ნახვა

გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე  ნახევარი საათი დაეთმო  საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლას თემატურ პანელზე. რუსეთ-უკრაინის ომი, სამშვიდობო პოლიტიკა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი და ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები - ამ და სხვა საკითხებზე გააკეთა აქცენტი ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში მიმდინარე  უმაღლესი დონის ფორუმზე.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაში  რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე და განმარტა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით  საერთაშორისო  საზოგადოებისგან არ ყოფილა  სათანადო რეაგირება,  რისი გაგრძელებაც მისი განცხადებით, არის უკრაინაში მიმდინარე ბრუტალური ომი. ამ კონტექსტში ახსენა ქვეყნის საბოლოო მიზანი  დეოკუპაციის მიღწევა  მშვიდობიანი გზით და განმარტა, რომ კრიტიკულ მომენტში საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა, უფრო დაუახლოვდეს ევროპას, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებით.

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც პრემიერს დაუსვევს. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ რუსეთი არ არის  ყველაზე მსხვილი  სავაჭრო პარტნიორი და საქართველო სხვა ალტერნატიულ გზებს ეძებს, რასაც დრო სჭირდება. 

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის   სტატუსის მინიჭებას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს იყოს ევროკავშირის წევრი,   ევროკავშირში გაწევრიანება კი საქართველოში დეპოლარიზაციას შეამცირებს.

თუ წლის ბოლოს  ევროკავშირის ქვეყნები ამ სტატუსს არ მისცემენ საქართველოს, მისი განცხადებით, ეს იქნება პოლიტიკური შეცდომა.

პრემიერმა თემატურ პანელზე  დეოლიგაქიზაციასთან, ბიძინა ივანიშვილთან, ყოფილ ხელისუფლებასთან და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში