შესაძლოა, ვინმესთვის რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან და ამ ქვეყნის აგრესორობის წელთაღრიცხვა აქედან იწყება, მაგრამ საქართველო წლებით ადრე მიხვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით,’’- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ ხშირად ისმის უსაფუძვლო პრეტენზიები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე.
მისივე თქმით, უმჯობესია, ამ განცხადებების ავტორებმა რუსეთთან საკუთარი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებს გადახედონ.
"მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ, ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პიედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ, უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა რიცხვებთან გვაქვს საქმე. მეორე მაგალითი – ჩვენი ექსპორტი ძირითადად, არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია და შარშან, სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ლატვიამ რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთლიანი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ.
ახლა, საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პიედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს, თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს, თუ ა.შ და სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მორალური პიედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.