თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რამდენიმე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები გეგმავდნენ გზის სავალ ნაწილზე ბანერებით განლაგებულიყვნენ და ასე დახვედროდნენ რუსეთიდან პირველი რეისით ჩამოფრენილ მგზავრებს. აღნიშნულის უფლება სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს.
არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა სულ 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ, რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.
პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებდნენ.