ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით შვიდივე დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მასალები და ამოღებული ნივთმტკიცებულებები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავებულების თანამშრომლობას ადასტურებს.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 6 და თურქეთის 1 მოქალაქე სასამართლო განჩინების საფუძველზე, კონტრტერორისტული ოპერაციით აიყვანა. პროკურატურამ შვიდივე მათგანს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.