რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია არის ჩვენი წარმატება, საქართველოს სჭირდება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა - ილია დარჩიაშვილი

17 მაისი 2023, 16:53 799 ნახვა

სამიტის საბოლოო დეკლარაცია არის ჩვენი წარმატება, წარმატებაა ის, რომ საქართველო ამ რეზოლუციაში არის წარმოდგენილი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს სჭირდება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ერთი მხრივ, შევძლოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები განვახორციელოთ და ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად აუცილებლად მოვახერხებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რეიკიავიკის სამიტში მონაწილეობაც უკრაინის მიმართ სოლიდარობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. 

"საქართველო, როგორც პასუხისმგებლობიანი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ყოველთვის ვამბობთ, რომ ცალსახაა ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ მხარდამჭერ განცხადებასა თუ რეზოლუციაზე მიერთების გამოცდილება გვქონდა. ამას ვაგრძელებთ საერთაშორისო მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი დიპლომატიური არხებით მაქსიმალურად შევძლოთ და სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ. დღევანდელი ღონისძიებაც სოლიდარობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, საქართველომაც მიიღო ამაში მონაწილეობა. მომავალშიც გავაგრძელებთ პოლიტიკურად, დიპლომატიურად ძალიან ძლიერ მხარდაჭერას უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა რეიკიავიკის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, პრემიერმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა რეფორმების განხორციელების და დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზაზე.

"დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რეიკიავიკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს რიგით მეოთხე, უმნიშვნელოვანეს სამიტში. ეს სამიტი ინტენსიურობით არ გამოირჩევა და დღეს არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ გარემოში ამ სამიტის გამართვას აქვს თავისი დიდი დატვირთვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვენცია, სადაც ისაუბრა ყველა იმ პრინციპზე და ყველა იმ დემოკრატიულ ღირებულებაზე, რომელზეც დგას ეს ორგანიზაცია და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა რეფორმების განხორციელების და დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომის მსხვერპლებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი