დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ - რასმუსენი

15 მაისი 2023, 11:44 561 ნახვა

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს.

"პირველი, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. გუშინ მოვინახულე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ცხინვალის რეგიონთან და რუსეთის ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც ჰყოფს ოჯახებს. თქვენ შეიძლება, იფიქროთ, რომ საქართველოს მსგავსად, დანია პატარა ქვეყანაა  და ჩვენი ქვეყნების მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ძლიერი, სანდო ალიანსები, პარტნიორობა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩართულობას ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამის გათვალისწინებით, დღეს გავხსნი საქართველოში დანიის საელჩოს, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებას.

მეორე, ჩემი ვიზიტი ხაზს უსვამს დანიის პარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ისტორიულად ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსთან. მას შემდეგ, რაც დანიის საელჩოს გახსნის შესახებ გახდა ცნობილი, კულტურულმა, პოლიტიკურმა და ბიზნესკავშირებმა ისტორიული იმპულსი შეიძინა. კიდევ ერთი სიგნალი არის, რომ გვექნება პირდაპირი ფრენები კოპენჰაგენსა და საქართველოს შორის.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ ცხადად თქვეს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზანთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე რომ, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში