„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს

11 მაისი 2023, 14:10 707 ნახვა

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ევროპის სოციალისტურ პარტიის" იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალხის ფასეულობებთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაცის გზაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

„ბევრად უფრო მძიმე იყო, როდესაც სოციალისტების 1/3 უჭერდა მხარს ჩვენ საწინააღმდეგო რეზოლუციებს, ვიდრე როდესაც EPP მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ ვიცით, რომ EPP-ს წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და მეტ-ნაკლებად ახსნადი იყო პოლიტიკური კავშირის გამო მათი პოზიცია. რაც შეეხება იმ ვითარებას, როდესაც აბსურდულ რეზოლუციებს მხარს უჭერს სოციალისტების დიდი ნაწილი, ეს ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პოლიტიკური ოჯახის დატოვების შესახებ.

თუმცა, თანამშრომლობა გაგრძელდება, მათ შორის ევროპის სოციალისტურ პარტიასთან, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან. უბრალოდ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება თანაბარ საწყისებზე, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის კანდიდატის სტატუსის ჭრილში კონტროპრუდუქტიული იყო ჩვენი წევრობა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ევროპის სოციალისტური პარტიის რიგების დატოვების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პატია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო.

კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ "ევროპის სოციალისტურ პარტიას" დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება.

მისივე განცხადებით, ისინი დააკვირდებიან პროცესესებს და არ გამოვრიცხავენ სამომავლოდ, რომელიმე პოლიტიკურ ოჯახში გაწევრიანებას.

„თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვიქნებით დაკვირვების რეჟიმში და თანაბარი თანამშრომლობის რეჟიმში ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან. ვნახოთ, მომავალში რას გვიჩვენებს მოვლენების განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი