შეერთებული შტატების საელჩო გმობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი. განცხადება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება. საელჩომ დაგეგმილი პლებისციტი პროვოკაციად შეაფასა. ,,ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც ფორუმს, რომელზეც განიხილება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა. საელჩომ ყველა მხარეს მოუწოდა თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს.