კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ - ვახტანგ გომელაური

05 მაისი 2023, 14:56 535 ნახვა

კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კრიმინალის გაზრდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ციფრები საჯაროა და ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ კრიმინალური შემთხვევები შემცირებულია.

„შარშან, მაგალითად, პირველად მოხდა, რომ წელიწადში 74 მკვლელობა მოხდა. 2012 წლამდე კი, ეს მაჩვნებელი იყო 300-330 შემთხვევა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 მკვლელობა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა. ეს უბედურებაა, არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ და ტყუილი უთხრათ. ციფრებია დევს ჩვენ საიტზე, შეხედეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი? მე გელაპარაკებით ციფრებით, ფაქტებით და თქვენ გინდა, 50-იანები, გინდა, 90-იანი წლები დაარქვით. ფაქტები მომიყვანეთ და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე განცხადებით, უნგრეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი განცხადებები ჰქონდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საქართველოში ყველა დაცულია, უმცირესობაც და უმრავლესობაც.

„ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა ბატონმა პრემიერმა. ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც. იცით ძალიან კარგად. საიდან უნდა გაგვრიცხონ, ეგ ნამდვილად არ მომისმენია. ვნახოთ, დაველოდოთ, წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში