მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი - პრემიერი

04 მაისი 2023, 12:24 677 ნახვა

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას.

„რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის - ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში - სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. ორი ათასი წელია მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიების და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა,“- აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში