საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ „კავკასიასთან“ მძიმე ბრძოლაში 82:84 დამარცხდა და პლეიოფს გამოეთიშა

26 აპრილი 2023, 20:02 492 ნახვა

თბილისურმა კლუბმა კავკასიამ საკალათბურთო გუნდი ბათუმი 84:82 დაამარცხა და სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტიც ცნობილია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიამ, რომელიც სუპერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, ქვეყნის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა სუპერლიგაში, როცა ლიგის დებიუტანტი ოთხეულში გადის. 

წივწივაძის გუნდის მეტოქე რუსთავისა და გურჯაანის დელტას წყვილში გამოვლინდება, სადაც სერიის ანგარიში ჯერ 1:1-ია. სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებამაც კავკასიას ნახევარფინალის საგზური მოუტანა, ძალიან დაძაბული გამოდგა. უმეტესად თანაბარი ანგარიში იყო, ლიდერი კი 9-ჯერ შეიცვალა.

ბათუმს დაუბრუნდა გუნდის ლიდერი კაილი რიდლი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. რიდლი მთელი თამაშის მანძილზე აქტიური იყო და ყველაზე მეტი 31 ქულაც მოიპოვა, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯორდან სეშენს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

გამარჯვებულებს აიზია ელისმა 20 ქულით და 7 მოხსნით ულიდერა, ილია ლონდარიძემ 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, კრის მაკნილს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში