„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ფაქტს, რომ სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი. კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენთვის, ჩვენთვის პრინციპის საკითხია. რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა დაჩრდილოს რაიმე ფორმით. თქვენ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. ეს იყო უმძიმესი ვითარება, ეს იყო სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს დრო საქართველოში რა თქმა უნდა არასოდეს დაბრუნდება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ყველამ იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ფუნდამენტურად გაჯანსაღებული ვითარება და ეს არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც მიიღეს 2012 წლის შემდეგ.
"სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად არის შეცვლილი ვითარება 2012 წლის შემდეგ და არა მარტო შეცვლილია შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა სისტემური პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაში არის აღმოფხვრილი...
სწორედ ამის მტკიცებულებაა ის სტატისტიკა, რომელზეც აქ გვქონდა საუბარი. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ვერცერთი რეპლიკაც კი ვერ დაუპირისპირეს ამ სტატისტიკას. იმდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რასაც მოწმობს ეს სტატისტიკური მაჩვენებლები, რომ ვერაფერს ვერ ამბობენ ამაზე. ეს სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, შესაბამისად ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებენ, ვერც ოპოზიცია და ვერც ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამზადებენ განცხადების ტექსტებს, ვერ NGE-ები, უცხოელი აგენტები და ა.შ. ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ სასამართლოში არის ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად შეცვლილი ვითარება. შესაბამისად, მთელი ეს კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ისახავს ერთადერთ მიზანს, ეს არის სამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფა, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა დავით კეზერაშვილის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ, კეზერაშვილი არის ოლიგარქი. მას ნაშოვნი აქვს სისხლიანი ფული ბიზნესის რეკეტის, ჯარის ძარცვის და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე, შესაბამისად, მისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით არის აბსოლუტურად ამორალური ქმედება.
„კეზერაშვილი არის ოლიგარქი. მას ნაშოვნი აქვს სისხლიანი ფული ბიზნესის რეკეტის, ჯარის ძარცვის და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე. ვიღაცები მხოლოდ ახლა შეშფოთდნენ, როდესაც მესამე ნაწილის შესახებ BBC-დან გაიგეს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რის ხარჯზე აქვს ნაშოვნი ფული კეზერაშვილს. შესაბამისად, მისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით არის აბსოლუტურად ამორალური ქმედება. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, ეს ვითარებას არ ცვლის. „ფორმულა“ წაგებაზე მომუშავე ტელევიზიაა, შესაბამისად მას ყოველწლიურად სჭირდება მილიონობით ლარი იმისათვის, რომ განაგრძოს ფუნქციონირება. ბუნებრივია, აქ წილების გადაფორმება არაფერს ცვლის. კეზერაშვილი კვლავაც დააფინანსებს სისხლიანი ფულით „ფორმულას“, შესაბამისად წილების გადანაწილებით არაფერი იცვლება. ეს არის ფიქცია“, - განაცხადა კობახიძემ.