არეულობა სუდანში.ახლა არა მარტო საქართველო და ქართული მხარე, ყველა ელოდება დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტას, რომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია შეძლონ. სუდანში ჩარჩენილია საქართველოს 30-მდე მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.რაც შეხება სუდანში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის დედაქალაქი მესამე დღეა ზედიზედ დაპირისპირებული სამხედრო ჯგუფების შეიარაღებული შეტაკებების ეპიცენტრია. 97 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 365 დაშავდა სუდანში გასულ შაბათს დაწყებული შეტაკებების შედეგად. დღეს დილიდან, საჰაერო იერიშები განხორციელდა დედაქალაქ ხართუმზე, დაიბომბა ხართუმის საერთაშორისო აეროპორტში. შეიარაღებული შეტაკებები, რომელიც სუდანის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა, ქვეყანაში ძალადობის ამ მასშტაბის პირველი აფეთქებაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება გავლენიანი გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“. დაპირისპირებული ძალების ლიდერები სუდანის მმართველ საბჭოში წამყვან პოზიციებს იკავებენ. ძალაუფლებისთვის ბრძოლა სუდანის სამოქალაქო ომში ჩათრევის რისკს ზრდის ოთხი წლის შემდეგ, როცა მმართველი ავტოკრატი ომარ ალ-ბაშირი აჯანყების შედეგად ჩამოაგდეს. საფრთხე ემუქრება ასევე საერთაშორისო ძალისხმევას დაიწყოს სუდანის სამოქალაქო მმართველობზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში უნდა გაფორმებულიყო.