შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
"საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.