გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს

05 აპრილი 2023, 17:45 630 ნახვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუცია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და მისი ლეგიტიმაციის მცდელობებს და სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ადგილზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლების დარღვევის, დევნილი მოსახლეობის სახლების განადგურებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების გამო.

"რეზოლუციაში აღნიშნულია გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, ასევე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ჩაკეტვა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, ემსახურება რეგიონების შემდგომ იზოლაციას და იწვევს ფატალურ შედეგებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომის გამო.

 

რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კვლავ დაუსჯელნი რჩებიან 2014-2020 წლების პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები, რაც ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომის გაღრმავებას.

 

ამასთან, რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც მოკლებულნი არიან საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

"დოკუმენტში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა უარს აცხადებს რეგიონული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის ვალდებულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე და ადგილზე ადამიანის უფლებათა მექანიზმების დაუყოვნებელ, შეუფერხებელ წვდომას მოითხოვს.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს. პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, დოკუმენტს აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, რადგან ყოველ წელს, რეზოლუცია ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე წარადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები მის შესრულებასთან დაკავშირებით. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ რეზოლუციის ყოველწლიური მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი