საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს შესაძლოა შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი - აზიის განვითარების ბანკი

04 აპრილი 2023, 12:17 2711 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, შესაძლოა, შენელდეს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშში.

აზიის განვითარების ბანკი 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს. ხოლო 2024 წელს, მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ, ქვეყნის მშპ 5%-მდე გაიზრდება.

„გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში, ასევე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, კამელ ბუმადმა.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის 2023 წელს – 6%-მდე განახევრება, 2024 წლისთვის კი 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითიც ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზანს მიუახლოვდება. აღნიშნულის მიზეზი, ADB-ის კვლევის მიხედვით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია. 2023 წელს ინვესტიციების გაზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2023 წელს მშპ-ს 2.7%-ის და 2024 წელს 2.5%-ის ექვივალენტით შემცირდება.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავების ფონზე 2023 წელს – მშპ-ს 5%-ით, ხოლო 2024 წელს მშპ-ს 6%-ით გაიზრდება. ექსპორტის ზრდის 10.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, რაც 2024 წელს 11.2%-ს მიაღწევს. ფულადი გადარიცხვები წელიწადში 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც, სავარაუდოდ, სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში