საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს შეხვდა.
„როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სეიმის ბოლო რეზოლუცია ხაზს უსვამს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მჭიდრო კავშირებს და საქართველოს მიმართ ლიეტუვის მუდმივ მხარდაჭერას.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა და კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის სახელით გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ურყევი ნებაა და სწორედ ამის გამოხატულება იყო მარტში გამართული აქციები. ევროინტეგრაციის პროცესში ამ ეტაპზე საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ძლიერი გზავნილი და დაინახოს, რომ ევროპა მის გვერდით დგას. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი და 18 აპრილს ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლა კი სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ევროკავშირმა გაიგოს ქართველი ხალხის ურყევი ნება და კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რომ ევროინტეგრაცია არის ასევე უდიდესი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის.
ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების საკითხში ლიეტუვის როლის მნიშვნელობას. ასევე, აღინიშნა, რომ ევროატლანტიკური სივრცის გაფართოებისას საქართველო არ უნდა დარჩეს მის მიღმა და ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საჭიროა საქართველოს უმაღლეს დონეზე ჩართულობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.