მუნიციპალურ ავტობუსებში ელექტრონული საბარათე სისტემის ამოქმედებას ითხოვენ ქობულეთში ადგილობრივები და ტურისტები.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მსგავსი ფორმა გაცილებით კომფორტულია. ამჟამად მგზავრები საფასურს მძღოლთან იხდიან.
საკითხი გასულ კვირას ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამაც დააყენა. პარტია ''საქართველოსთვის'' წევრები აცხადებენ, რომ ტურისტულ ქალაქში ამ სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია.
ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკითხზე უკვე ჰქონდათ განხილვები, უახლოეს პერიოდში 4 ახალი ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება და ამის შემდეგ დამონტაჟდება ტრანსპორტში საბარათე სისტემით გადახდის აპარატები.