საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება - სალომე ზურაბიშვილი

03 აპრილი 2023, 13:23 833 ნახვა

საქართველო და ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ კონსოლიდირებულია.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან, საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გაიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ამ დღეებში და არა ერთხელ გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულის მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე. ჰქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება.

 

ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა - საქართველო ეკუთვნის თუ არა ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივას უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. დღეს კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, დროა, რომ ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი უჩვენა.

„თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია.

პრეზიდენტის განმარტებით,  2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. 

"ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდლის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. მე თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომაც მახსოვს, 2008წლის აგრესიისა და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო მთლიანად ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა.

დღეს ამ ომის შედეგად, მსოფლიო იყოფა რეალურად ორ ბანაკად. საზოგადოება იყოფა ორ ბანაკად. ვისაც სჯერა, რომ დაუმარცხებელი არავინაა და სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგვარად გაიმარჯვა, გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა იმიტომ, რომ რუსეთმა ომის მიზნებს ვერ მიაღწია და გაიმარჯვა იმიტომ, რომ თავის ტერიტორიებს დაიცავს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები და ეს არის ყველას ერთიანი მიზანი - რუსეთი, ერთხელ და სამუდამოდ, დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი