ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, რაც უნდა იმპიჩმენტით დამემუქროთ, ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ქართული დამიწუნოთ - პრეზიდენტი

31 მარტი 2023, 13:03 619 ნახვა

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს, ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად.

"უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ,  ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და გარეთ, წარმოადგენს მის მოტივაციას.

"როგორც ამბობენ საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და ამდენად, ახალა გადავალ რეალურ საქმეზე. ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს.

ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არც ერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისთვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა. თუმცა, სამწუხაროდ ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მით უმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში. აქვე, მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია, შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება.

ჩვენი ხალხის ნებისა და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, რათა დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები. უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალისხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასაჭრელად“,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი – ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი.

"დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები. 2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე.

2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი, სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ, ამას აღარ დავუბრუნდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა გაიგოს ევროპამ. 

"ახლახანს მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარალმენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლიდან არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი