ძლიერმა ქარმა დააზარალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. რამდენიმე სოფელში 20 საცხოვრებელს გადახადა სახურავი. მათ შორის სამს სრულად, დანარჩენს კი ნაწილობრივ.
ასევე ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ბუნებრივი აირის გარეშეა ხელვაჩაურში მცხოვრები რამდენიმე აბონენტი. მწყობრიდან გამოვიდა გაზის მილები.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ. რაც შეეხება ზარალს, მას ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი კომისია ითვლის და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.
ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ენერგო პრო ჯორჯიას ინფრასტრუქტურა, ამ ეტაპზე ხელვაჩაურში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება დაბა ხელვაჩაურისა და მეჯინისწყლის დასახლებების ნაწილს, ასევე სოფლებს ჭარნალს, მახოს, ზანაქიძეებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.