საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა.
ანგარიშის გახსნა მეორე წუთზე მამუკა კობახიძეს შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირე მანძილით აცდა კარს.
მე-15 წუთზე ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა ვოლკოვმა დამატებაზე ანგარიში გახსნა და საქართველო წინ გავიდა.
31-ე წუთზე გიორგი ლორიას შეცდომის შემდეგ მონღოლებმა ბურთი კარგად გაათამაშეს და ბატბოლდმა ანგარიში გაათანაბრა.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძეს პენალტი მეკარემ აუღო. პირველი ნახევარი მოულოდნელი ანგარიშით 1-1 დასრულდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო აგრესიულად უტევდა.
56-ე და 58-ე წუთებზე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და ანგარიში 3-1 გახდა.
70-ე წუთზე კი დავითაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა და სხვაობა უფრო სოლიდური გახდა.
88-ე წუთზე კი გიორგი ბერიძემ ტაბლოზე ანგარიში 5-1 გახადა.
შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი საბოლოო ანგარიში 6-1 ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა.
28 მარტს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, პირველი ტურის მატჩში ნორვეგიის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებს.