ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს - ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს

24 მარტი 2023, 12:43 513 ნახვა

ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს მხარდამჭერი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განმარეტბით, დარწმუნებულია, რომ  ეს ვიზიტი, მოიტანს ახალ, ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს, დაეხმარება საქართველოს, რათა ეფექტურად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელოს სვლა და რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

„თავად ფაქტი, რომ მინისტრი ბერბოკი დღეს საქართველოში იმყოფება, ასევე ის, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი ორმხრივი დინამიკა, პერიოდული შეხვედრები და მუდმივად ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, თავად ეს ფაქტი თავად მეტყველებს, რომ მინისტრის, მისი სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე არის ძლიერი. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი, მოიტანს ახალ, ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს, დაეხმარება საქართველოს, რათა ეფექტურად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელოს სვლა და რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ანალენა ბერბოკსა და ილია დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და ქვეყაში მედიათავისუფლებაზე.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ყველაზე თავისუფალია მედიაა დღეს.

„საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, სწორედ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ყველაზე თავისუფალია მედია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა მოიტანა ამ ხელისუფლებამ, ეს არის ერთ-ერთი მედიათავისუფლება. თქვენს სიმრავლეზეც და ზოგადად, საინფორმაციო ბადესაც ეს ეტყობა, რომ კრიტიკული მედია არსებობს, ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ეს ნაწილია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების.

რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევებს, სასამართლოში წარმოებულ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საკითხებს, ვფიქრობ, არანაირი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან. მედიათავისუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ეს ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი 12 პუნქტის, რომელსაც ძალიან მყარად ვასრულებთ. ვფიქრობ, ეს ქვეყანა აუცილებლად შეასრულებს 12 პუნქტს და საზოგადოების ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელზეც ქალბატონი მინისტრი საუბრობდა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სტატუსს და საქართველო მალე გახდება ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში