საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, სისტემატურად ასაღებდა 20 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს.
"გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულის მიერ, დაახლოებით 50-მდე შემთხვევაში, გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.