ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ვიზიტისას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა

15 მარტი 2023, 20:53 724 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ოძისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას უსაფრთხოების ვითარება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გააცნეს. მათ ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ სირთულეებს, განსაკუთრებით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გაჭიანურებულ დახურვასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ როგორ ზღუდავს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ აქტივობები გადაადგილების თავისუფლებას, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ასევე რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე წვდომას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთო-სთან ერთად განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრული განახლებისკენ მოწოდებას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატში.

ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის შემდეგ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ბრიფინგებისა და ანალიზისთვის და მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს თავდადებისთვის და საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი