შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადების საპასუხოდ სკოლის ადმინისტრაცია მორიგ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ცენტრის მიერ ნახსენები არგუმენტები არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლამ ვადების დაცვით განახორციელა ყველა ის მოქმედება, რაც ბრძანებით ჰქონდა დავალებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ. ასევე სასწავლებლის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ სიმართლეს არც ის ბრალდება შეესაბამება, რომლის მიხედვითაც, თითქოს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში. შეგახსენებთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რასაც საბჭო ავტორიზაციის შეჩერების მოტივად იყენებს.