აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტზე შეთანხმდნენ

14 მარტი 2023, 10:18 631 ნახვა

აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ლიდერებმა წყალქვეშა ნავების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ჯო ბაიდენმა, რიში სუნაკმა და ენტონი ალბანეზამ ატომურ ენერგიაზე მომუშავე ახალი თაობის წყალქვეშა ნავების ახალი ფლოტის შექმნასთან დაკავშირებული გეგმის დეტალები გამოაცხადეს

სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აშშ ავსტრალიისთვის, სულ მცირე, სამ ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააგებს. მოკავშირეები ასევე იმუშავებენ ერთად ახალი ფლოტის შექმნაზე მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში „როლს როისის“ მერ დამზადებული რეაქტორების გამოყენებით.

აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის შეთანხმება მიმართულია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

სან-დიეგოში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ წყალქვეშა ნავები არ იქნება აღჭურვილი ბირთვული იარაღით და საფრთხეს არ შეუქმნის ავსტრალიის გადაწყვეტილებას, იყოს არაბირთვული ქვეყანა.

შეთანხმების თანახმად, ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების (RAN) წევრები მიმდინარე წლიდან განთავსდებიან აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავების ბაზებზე, რათა მიიღონ წყალქვეშა ნავების გამოყენებისთვის საჭირო უნარები.

2027 წლიდან აშშ და დიდი ბრიტანეთი განათავსებენ მცირე რაოდენობის ატომურ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს ავსტრალიაში, პერტში, RAN-ის ბაზაზე, სანამ, 2030-იანი წლების დასაწყისში, ავსტრალია აშშ-დან სამ წყალქვეშა ნავს შეიძენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი