კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო, ერთი მხრივ ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.
"მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე და ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და არა ომს! არა ომის პოლიტიკას! მთავარი მიზანი ამ აქციების და ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული- მე ასე ვიტყოდი, აღარ არის მხოლოდ დესტრუქციული, ეს არის უკვე ექსტრემისტული ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა იყო.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ისინი ითხოვდნენ გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე.
პრემიერმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აქციაზე „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ წევრები ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად იქცეოდნენ და მათ დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან.
„ნურავის ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ-ერთი საინტერესო – უკვე გამოიკვეთა ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდების მონაწილეობა, რომლებსაც წამლავენ, პირდაპირ უნდა ითქვას ამის თაობაზე. მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო ან მეორე მხრივ, გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს, ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ. ფრანკლინის კლუბში. ახლა რა ხდება „ფრანკლინის კლუბში“ და სად არსებობს აღნიშნული კლუბი. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებს უნდა გვეყოს კეთილგონიერება და სიფრთხილე, სიმტკიცე და სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია.
„თქვენ მკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?! მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე ამ არეულობის დროს, როცა გახურებული იყო დაპირისპირება პოლიციასა და ანარქისტებს შორის, აგრესიულ ბრბოს შორის, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ქვებს ესროდნენ ჩვენს პოლიციას, მაშინ რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის შეცვლა და დამხობა. ეს არის ანტიდემოკრატიული"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და მის გუნდს, რომლებმაც მისივე განმარტებით, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება.
"ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პოლიტიკოსებს მოუწოდა, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და შემდეგ ჩაერიონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„უკრაინას რთული სიტუაცია აქვს. მოსალოდნელია ესკალაცია. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინა ამზადებს კონტრშეტევებს, ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია. რა თქმა უნდა, თქვენც ახსენეთ ზელენსკის მიმართვა, ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ გამართულ დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს"-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილს მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა, მთავრობასთან ერთად. ყველამ ერთად ვიმუშავეთ რომ რეკომენდაციები, რაც ჩვენი შესასრულებელია, შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში. მანამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ახლა რომ შევხედოთ მოლდოვასა და უკრაინას, ხომ ვიცით იქ რა ხდება. ევროკავშირის ბოლო რაპორტის მიხედვით, ბევრად წინ ვართ, ორჯერ, სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას. მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ერთგვარად დაგვსაჯეს, გვითხრეს, რომ სტატუსი ახლა არა, დაგველოდეთ. ამაზე ვუთხარით, მადლობა მეგობრებო, გასაგებია. სტატუსი მისცეს მათ ავანსად. ჩვენ არავისი გვშურს, გვითქვამს არაერთხელ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არიან ისევ ეს დესტრუქციული ძალები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.