ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმში - ქათამაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ბაღი 270 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. მოეწყობა ეზო და საბავშვო გასართობი მოედანი.
ასევე, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ადლიის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 24 საათიანი წყალმომარაგებით 5 000 აბონენტი ისარგებლებს.
მერიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ბათუმის წყალის“ მიერ ბათუმის ცენტრალურ ნაწილსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 26 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმის მერმა დაათვალიერა.
ვიდეომასალა მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.