საპროტესტო აქცია

09 მარტი 2023, 10:49 462 ნახვა

პროტესტის მეორე დღე და უმძიმესი ღამე რუსთაველის გამზირზე. მხუთავი აირი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი -  სპეცრაზმების ჯგუფებმა გამთენიისას  შეძლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რამდენიმე შემთხვევაში რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს, რომელსაც სახეში დამიზნებით ესროდნენ, რის გამოც რამდენიმე მომიტინგეს დაზიანება აქვს და კლინიკაში არიან მოთავსებულები.   

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციელები დემონსტრანტებს სადარბაზოებამდე მისდევდნენ და აკავებდნენ. დევნის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არაერთხელ დაბრუნდნენ და დემონსტრაციის განახლება სცადეს.  პოლიციამ ფილარმონიის შენობამდე აქციის მონაწილეების მიერ გზადაგზა სახელდახელოდ მოწყობილი არაერთი ბარიკადი გაარღვია.  რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა დემონსტრანტებისკენ 9 აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან მიდიოდნენ. 

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს. დემონსტრანტებმა მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. მოგვიანებით, ცეცხლი წყლის ჭავლით სამართალდამცველებმა ჩააქრეს, თუმცა ავტომობილი კვლავ აალდა და თითქმის მთლიანად დაიწვა. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს. ისინი ქვებს ისროდნენ.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა პარლამენტს ალყა შემოარტყან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში