ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრასის თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.
„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს აღნიშნული კანონი ქართველი ხალხისთვის.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები გარკვეულ შემთხვევაში იყო არაფერი, გარდა იდეისა. ათწლეულების განმავლობაში, ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებისთვის. მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ისინი ფიქრობდნენ ადრეულ ეტაპზე, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის.
ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერო-მ და რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს ძლიერი განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.