ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერი თქმით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.
"მინდა, საზოგადოებისთვის გავაკეთო განცხადება და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე. იცით, რომ ორი ვერსიაა შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია. როგორც მე ამიხსნეს, რეალურად ითარგმნა ამერიკული კანონი და შემდეგ მოხდა ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. თუ არ ვცდები, ეს კანონი ამერიკაში 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ მოქმედებს. ვფიქრობ, არავის გასჩენია იმის სურვილი, განეკითხა, განესაჯა, რატომ მოქმედებს ამერიკაში ასეთი კანონი. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებში. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში.
ზოგადად, ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ბოლო 10 წელია, ჩვენ ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის, ხაზგასმით მინდა ვთქვა, სრულფასოვანი წევრი. ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს.
"ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, არის საფუძველ მოკლებული. გასაგებია, რომ შეიძლება, ბევრისთვის მიუღებელი იყოს საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ვიცით ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომელიც, მაგალითად, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობა. ეს ასეც არის.
ჩვენ გამჭვირვალობით მართლაც ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში. ასე რომ, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძლოა მიმდინარე კამპანია. მესმის, მათთვის მტკივნეულია. წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და ჩვენი საზოგადოების წინაშე არავითარი გამჭვირვალობა, ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება არ არსებობდა. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ამაზეა საუბარი. ასევე, ძალიან მკაფიოდ განიმარტა ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ, კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს ამ საკითხზე განხილვას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.