ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ოქროს მედალი მოიპოვეს. მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ თამაშში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც. ძალოსნობაში, 73 კგ წონით კატეგორიაში, დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ მესამე ადგილი დაიკავა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციის გაზრდა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.