მსოფლიო რაგბის რეიტინგში ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დამკვიდრდა. ბორჯღალოსნების წინსვლა ტორელავეგაში მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთი 41:3 დაამარცხეს და კლასიფიკაციაში 0.75 ქულა დაემატათ, რაც დაწინაურებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები 0,09 ქულით ჩამორჩება სამოას ნაკრებს, რომელიც რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა. მორიგი წინსვლისთვის ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე რუმინეთის დამარცხება სჭირდებათ, შემდეგ კი, ფინალში პორტუგალიისა და ესპანეთის წყვილში საუკეთესოსთან გამარჯვება.