საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
უწყების ინფორმაციით, დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიმდინარეობს ორი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
"2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ მასშტაბურ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD).
აღსანიშნავია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადასვენებულია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქ. გაზიანთეპსა და ქ. ისქანედრუნში.
საელჩო აქტიურად მუშაობს, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა. ყოველდღიურად იმატებს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი. თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე რჩება სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი საჭიროებების დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.