პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტის მხრიდან სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცხრა ათასივე პატიმარი, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით იწვევდნენ თანაგრძნობას. ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცხრა ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია.
„ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არც ერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც, ამდენი ადამიანი დღეს ამ 9 ათასიდან არც ერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება.
„თავის დროზე, როცა წარიმართებოდა „ნაცმოძრაობის“ დასუსტების პროცესი, ამაში დიდი წვლილი შეიტანა მელიამ, ახლა ამ საქმეს აგრძელებენ ხაბეიშვილი, ჩალაძე, კეზერაშვილი, რაც კარგია. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება. ჩვენზე ამას ნული გავლენა აქვს. რაც უფრო დიდხანს არ შემოვა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, მით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ პარლამენტში კონსტრუქციულად წარიმართოს დისკუსიები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ახლა იდეალური მდგომარეობა გვაქვს, პარლამენტში რაც უფრო დიდი ხანი არ შემოვლენ, მით უკეთესი იქნება პარლამენტის ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.